Accessibility links

site logo site logo

„ლელო“ ღარიბაშვილთან მოლაპარაკებაზე არ დაჯდება, ამბობს საბა ბუაძე


"ლელოს" წარმომადგენლის საბა ბუაძის განცხადებით, მისი პარტია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ გააგრძელებს, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს კომენტარი საბა ბუაძემ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება, მაგრამ მოლაპარაკებები აქამდე მიმდინარეობდა ღარიბაშვილის გარეშე და ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ საფრთხე არ შეუქმნან ამ მოლაპარაკების პროცესს, გამოიძიონ დროზე, დაადგინონ ამ ჩანაწერების ავთენტურობა, იმისათვის, რომ ეს პროცესი დროულად დასრულდეს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

მისი სიტყვებით, იმისათვის, რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე არ დაემუქროს, ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობს "მრავალეპიზოდიან სისხლის სამართლის დანაშაულში, არ უნდა გახდეს მოლაპარაკების ჩაშლის საფუძველი". "ლელო" მოუწოდებს ხელისუფლებას, არ აქციოს ღარიბაშვილი „გახეთქილების ვაშლად“.

საბა ბუაძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები ერთიანია, ისინი ითხოვენ პოლიტიკური დევნის დასრულებას და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას, მაგრამ ტაქტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა, ეს მოლაპარაკებისთვის საფრთხის შექმნას არ გულისხმობს.

„ზუსტად იმიტომ, რომ მოლაპარაკებას არ შეექმნას საფრთხე და ამან ისედაც რთული ფონი კიდევ უფრო არ გაართულოს. ღარიბაშვილი და ასეთ კრიმინალურ ეპიზოდებში, დიდი ალბათობით, მონაწილე ადამიანები, არ უნდა იყვნენ ამ მოლაპარაკებებისთვის საფრთხის შემცველი ფაქტორი", - განმარტავს საბა ბუაძე.

"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს. "ქართული ოცნების" განმარტებით, საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია.

ჩანაწერთან დაკავშირებით, 8 მარტს გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილობით მიმართა გენერალურ პროკურატურას პარტია "ლელომ". ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერისგან განმარტებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი, ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე აქცია გამართეს აქტივისტებმაც.

საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ - მას არც საქართველოს მთავრობა გამოხმაურებია.

პარლამენტარი, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საკმარისი საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. 1 მარტს საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა ინიციატივით ოპოზიციასა და პრემიერს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ. პრემიერმა ღარიბაშვილმა იქვე დაადასტურა ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნა.

შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობდა საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე - ოპოზიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრის შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად პოლიტიკური დიალოგი განახლდა. წინასწარი შეთანხმებით, მხარეებმა მოლაპარაკება უნდა გააგრძელონ არჩევნების და მართლმსაჯულების საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG