Accessibility links

site logo site logo

ბოკერია: ოპოზიციაში მხოლოდ ტაქტიკური განსხვავებებია


გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ არ მისცემს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს.

„სრული კონსენსუსია იმაზე, რომ ნორმალური - ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაში, რბილად რომ ვთქვა - განვითარება იქნებოდა, რომ ღარიბაშვილისნაირი ფიგურა არც პრემიერ-მინისტრი იყოს და არც მოლაპარაკებებზე არ იყოს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კონსენსუსია მთლიანად ოპოზიციაში, განსხვავებების მიუხედავად, რაც აქამდე დაფიქსირდა, რომ ჩვენ არ მივცემთ საბაბს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით დააბრალოს ოპოზიციას ჩაშლა მოლაპარაკებების, თუ აქამდე მივა საქმე“, - უთხრა მედიას ბოკერიამ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის დღევანდელი კონსულტაციის შემდეგ.

გიგა ბოკერიას თანახმად, „რა ფორმით მოხდება ეს, ამაზეც გვექნება ერთმანეთში კონსულტაციები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მოვახერხებთ, ტაქტიკური განსხვავებების მიუხედავად, რომელიც აქამდეც დაფიქსირდა, იმის გაკეთებას, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება ჩვენი მხრიდან, პრეზიდენტ მიშელის მიერ მოხაზულ საკითხებზე“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი უშუალო მონაწილეობით, 1 მარტს თბილისში გაიმართა ოპოზიციის ლიდერების და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა.

მოლაპარაკების გაგრძელების თარიღი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, პროცესში ღარიბაშვილის მონაწილეობის გაგრძელებას ეწინააღმდეგება პარტია „ლელო“, რომელმაც დღეს პროკურატურას მიმართა ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

6 მარტს, „პირველმა“ გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერები, რომლებიც, ტელეარხის მტკიცებით, ასახავს ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის საუბრებს, სოციალურ ქსელებში მიუღებელი კომენტარების გამო ანგარიშსწორების შესახებ, მათ შორის არასრულწლოვანზე.

ამ ჩანაწერების გავრცელებას მოჰყვა საპროტესტო აქციები და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა.

მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ „პირველის“ ეთერში გასული მასალა ფაბრიკაცია და 2010-2011 წლებში ფარულად ჩაწერილი სხვადასხვა საუბრის კომპილაციაა. „ქართული ოცნების“ თანახმად, „რადიკალურ ოპოზიციას სურს, ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG