Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

UNICEF-ი: პანდემიის გამო შესაძლოა გაიზარდოს ბავშვთა ქორწინებათა რაოდენობა


გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდმა (UNICEF) განაცხადა, რომ კორონავირუსის კრიზისით გამოწვეულმა სირთულეებმა შესაძლოა მომდევნო ათწლეულში დამატებით 10 მილიონი ბავშვის ქორწინება გამოიწვიოს.

8 მარტს გამოქვეყნებულ გამოკვლევაში UNICEF-ი აცხადებს, რომ „სკოლების დახურვა, ეკონომიკური სტრესი, მომსახურების შეფერხებები, ორსულობა და პანდემიის გამო მშობლების სიკვდილი ყველაზე მოწყვლად გოგონებს ბავშვთა ქორწინების გაზრდილ რისკს უქმნის.“

ქალთა საერთაშორისო დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომლის სათაურია „COVID-19: ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში წინსვლისთვის შექმნილი საფრთხეები“, ორგანიზაცია წერს, რომ თუკი ტენდენცია დადასტურდა, ეს იქნება სერიოზული უკუსვლა უკანასკნელ წლებში ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ კამპანიაში მიღწეული წარმატებიდან.

ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ბავშვობის ასაკში გათხოვილი ქალების პროპორციული მაჩვენებელი თითქმის 25%-ით შემცირდა და 20%-მდე შემცირდა. „ეს წარმატება ახლა საფრთხეშია“, წერენ ანგარიშის ავტორები.

ანგარიშის მიხედვით, პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვებისა და ფიზიკური დისტანცირების გამო გოგონებისთვის უფრო რთული გახდა „სამედიცინო, სოციალური და საზოგადოებრივი დახმარების მიღება, რაც მათ იცავს ბავშვთა ქორწინებისგან, არასასურველი ორსულობისგან და გენდერული ნიშნით ძალადობისგან,“ ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ შესაძლოა გაჭირვებულ ოჯახებს ქალიშვილების გათხოვებისკენ უბიძგოს საკუთარი ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG