Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძის თქმით, მცირე განსხვავების მიუხედავად, ოპოზიცია ერთ პლატფორმაზეა


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული მცირე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთიანობა შენარჩუნებულია და „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკების ჩაშლის საშუალებას არ მისცემენ.

„ოპოზიციური ერთობა იმავე პლატფორმაზეა, რომელზეც ვიყავით. მიუხედავად მცირე განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პარტიას ჰქონდეთ, არაფერი არ ემუქრება ოპოზიციურ ერთობას. მეორე, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალებას არ მივცემთ, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს, იმიტომ რომ ვალდებულებები გვაქვს აღებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან და საქართველოს მოქალაქეებთან. გარდა ამისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის იგივე, ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული და სწორედ ის წარმოადგენდეს ჩვენს პარტიას მოლაპარაკების მაგიდასთან. უნდა ვისაუბროთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ დათანხმდება ვადამდელ არჩევნებს და არ გათავისუფლდებიან ნიკა მელია და გიორგი რურუა, მაშინ 20 მარტს გაიმართება დიდი აქცია, რაც, ხატია დეკანოიძის თქმით, იქნება „საქართველოს მოქალაქეების პასუხი ხელისუფლებისადმი, რომელიც სრულიად თავგასულია“.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლის საშუალებას არ მისცემენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი უშუალო მონაწილეობით, 1 მარტს თბილისში გაიმართა ოპოზიციის ლიდერების და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა.

მოლაპარაკების გაგრძელების თარიღი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, პროცესში ღარიბაშვილის მონაწილეობის გაგრძელებას ეწინააღმდეგება პარტია „ლელო“. მისი არგუმენტია ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 6 მარტს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები, რომლებიც ტელეარხის მტკიცებით, ასახავს ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის საუბრებს, სოციალურ ქსელებში მიუღებელი კომენტარების გამო, არასრულწლოვნის მიმართ ანგარიშსწორების შესახებ.

ამ ჩანაწერების გავრცელებას მოჰყვა საპროტესტო აქციები და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა.

მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ „პირველის“ ეთერში გასული მასალა ფაბრიკაციაა და 2010-2011 წლებში ფარულად ჩაწერილი სხვადასხვა საუბრის კომპილაციას წარმოადგენს. "ქართული ოცნების" თანახმად, "რადიკალურ ოპოზიციას სურს, ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG