Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათელაშვილმა პედოფილიას გაუთანაბრა "უმაღლესი ხელმძღვანელების მიერ მოსწავლეთა დაბულინგება"


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, მისი პარტიის ოფისში ოპოზიციის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს „სტრატეგიული და ტაქტიკური საკითხები მიმდინარე მღელვარე გაზაფხულისა, რომელიც აუცილებლად დამთავრდება ისეთი კარგი შედეგით, რაც ჩვენი ხალხის გულებს გაუხარდება“.

შეხვედრის შემდეგ ნათელაშვილმა მედიას უთხრა, რომ განიხილეს მოლაპარაკებებზე ხელისუფლების წარმომადგენლის საკითხი, „რომელიც მხილებულია, ჩანაწერების თანახმად, ბავშვებზე ძალადობაში“ და, პრაქტიკულად, ყველა პარტია ერთ აზრზე იყო:

„სასურველია, გამოიცვალოს წარმომადგენელი, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ არ ჩავშლით მოლაპარაკებებს, რადგან რეჟიმი უკვე კუთხეშია მიმწყვდეული და მათთვის ეხლა მოლაპარაკების ჩაშლა ნებისმიერი კეთილშობილური მოტივით, იქნება ხსნა“.

რადიო თავისუფლების შეკითხვას, „ლელოს“ გარდა, სხვებსაც თუ ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია მოლაპარაკებაში ღარიბაშვილის მონაწილეობის შესახებ, ნათელაშვილმა უპასუხა, რომ ამ თემაზე განსხვავებული პოზიცია ლოგიკური და ბუნებრივია:

„რადგანაც მძიმე აუდეოჩანაწერი მოვისმინეთ. საქმე ეხებოდა არა მარტო, ვთქვათ, ოპოზიციური ლიდერის დაჭერას, დევნას, იმას, რა ჰქვიან... მძინარე ბიჭის დახვრეტას საწოლში, იმ თვალების დათხრას ჩვენი ახალგაზრდების მიტინგზე, არამედ საქმე ეხება სკოლის მოსწავლეთა დაბულინგებას ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელების მიერ, რაც ევროპაშიც, პრაქტიკულად, გათანაბრებულია პედოფილიასთან, რომ არ დაგიმალოთ“.

ნათელაშვილმა ისიც თქვა, რომ მოლაპარაკებაში ღარიბაშვილის მონაწილეობაზე მთელი ოპოზიცია შინაგანად „ლელოსავით“ ფიქრობს.

„ქართულ ოცნებასთან“ ოპოზიციის მოლაპარაკების პროცესში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის გაგრძელებას ეწინააღმდეგება პარტია „ლელო“, თუმცა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

6 მარტს, ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერები, რომლებიც, ტელეარხის მტკიცებით, ასახავს ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის საუბრებს, სოციალურ ქსელებში მიუღებელი კომენტარების გამო ანგარიშსწორების შესახებ, მათ შორის არასრულწლოვანზე.

ამ ჩანაწერების გავრცელებას მოჰყვა საპროტესტო აქციები და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა.

მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ „პირველის“ ეთერში გასული მასალა ფაბრიკაცია და 2010-2011 წლებში ფარულად ჩაწერილი სხვადასხვა საუბრის კომპილაციაა. „ქართული ოცნების“ თანახმად, „რადიკალურ ოპოზიციას სურს, ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად“.

საქართველოში, ოპოზიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება. როდის გაგრძელდება მოლაპარაკება, ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. "ქართულ ოცნებაში" დღემდე აცხადებენ, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა, ვადამდელი არჩევნები კი "წითელი ხაზია", თუმცა, მას დათანხმდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG