Accessibility links

site logo site logo

საქართველოს მეგობრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მელიას გათავისუფლებით დიალოგს შეუწყოს ხელი


ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია რუსთავის ციხესთან. 4 მარტი, 2021 წ.

საქართველოს მეგობრები, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით ვრცელ წერილს ავრცელებენ და მოუწოდებენ, უპირველესად ხელისუფლებას, იზრუნოს არსებული კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების შეთავაზებაზე. მათ შორის, გადადგას პირველი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებით.

საქართველოს მეგობრებს სახელით გავრცელებული წერილის ხელმომწერები აცხადებენ, რომ ისინი წლების განმავლობაში აფასებდნენ საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად და მხარს უჭერდნენ ქვეყნის სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით, ამასთან, ისინი არ მოერიდებიან კონსტრუქციულ კრიტიკას, როცა ამის აუცილებლობა არსებობს.

„ამიტომ ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერიში მიეტანა წამყვანი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე და დაეკავებინა მისი ლიდერი. მისი გაუთავისუფლებლობა შეუძლებელს გახდის ოპოზიციის მიერ ბოიკოტირებული შარშანდელი არჩევნებით გამოწვეული ჩიხიდან გამოსვლას. ერთპარტიული პარლამენტი ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი არ არის. ეს მოვლენები აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკის, გლობალური პანდემიის პირობებში ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას, ასევე აზიანებს საქართველოს, როგორც რეგიონში სტაბილური პარტნიორის საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას, ამ მოვლენებით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილნი ისინი, ვინ საქართველოსადმი არაკეთილგანწყობილია“.

წერილის ავტორთა თქმით, მათ ესმით, რომ საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიის მშენებლობა, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას. არჩეულმა მთავრობებმა უნდა შეასრულონ ამომრჩეველთა მისწრაფებები.

ოპოზიციას აქვს უფლება, გამოხატოს პრეტენზიები საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. წერილზე ხელმომწერები ოპიზიციას მოუწოდებენ, გამოიყენონ ევროკავშირისა და სხვა პოტენციური შუამავლების მიერ მიწოდებული ყველა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობასთან კეთილსინდისიერად მოსალაპარაკებლად, რაც მოემსახურება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ მხარეთა საერთო მიზანი უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბება, რომელიც ყველა ამომრჩევლის ნებას გამოხატავს და, შესაბამისად, ქართველი ხალხის ნდობით აღჭურვილი წინ წასწევს ქვეყანას.

წინა წლებში საქართველომ გაუძლო დემოკრატიის ტესტს, საქართველოს მეგობრები მოელიან, რომ ამჯერადაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს.

„ხელისუფლებამ, როგორც მმართველმა ძალამ, უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას, მიაღწიოს კომპრომისს. ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ბოლოდროინდელი მოვლენები სიტუაციას უფრო აქტუალურს ხდის. დადებითი ნაბიჯების გადაუდგმელობამ, შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობის დაყენება გამოიწვიოს, ვინც ამ განგრძობად კრიზისზე აგებს პასუხს. დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს“, - წერენ ხელმომწერები.

მათი განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი საერთაშორისო აქტივი იყო მისდამი კეთილგანწყობა, რაც რთულად მოიპოვა, მაგრამ გლობალური პანდემიით განპირობებული დესტრუქციული შედეგების პირობებში ამ კეთილგანწყობის დაკარგვის უკან დაბრუნება რთული იქნება.

„ჩვენ მოვუწოდებთ როგორც საქართველოს მთავრობას, ისე ოპოზიციის ლიდერებს, არ გაფლანგონ ეს კეთილგანწყობა და გამოავლინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიის, დიალოგისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისადმი“, - წერენ საქართველოს მეგობრები და გამოხატავენ მზადყოფნას, სიტუაციის მოგვარებაში შეიტანონ თავიანთ წვლილი.

წერილს ხელს აწერენ:

  • იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი
  • მეთიუ ბრაიზა, ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
  • კერი კავანაუ, კენტუკის უნივერსიტეტი
  • ლუკ კოფი, მემკვიდრეობის ფონდი
  • სვანტე კორნელი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო
  • უილიამ კორტნი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი
  • პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი
  • ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში
  • გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი
  • გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდი
  • ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი
  • ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდი, აშშ
  • იან კელი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
  • დევიდ ჯ. კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში
  • მაიკლ მაკფოლი, სტენფორდის უნივერსიტეტი
  • თომას მელია, PEN America; USAID-ის ყოფილი ასისტენტის ასისტენტი ევროპასა და ევრაზიაში
  • რიჩარდ მაილსი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ლორა თორნტონი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი; ყოფილი დირექტორი, NDI Georgia
  • რენდი შონემანი, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი
  • კურტ ვოლკერი, ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი
  • კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, 1 მარტს საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა ინიციატივით ოპოზიციასა და პრემიერს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ. პრემიერმა ღარიბაშვილმა იქვე დაადასტურა ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნა.

შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობდა საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე - ოპოზიციის მიერ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრის შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად პოლიტიკური დიალოგი განახლდა. წინასწარი შეთანხმებით, მხარეებმა მოლაპარაკება უნდა გააგრძელონ არჩევნების და მართლმსაჯულების საკითხებზე.

ამასთან, 6 მარტს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებიც, ტელეარხის მტკიცებით, ასახავს ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის საუბრებს, სოციალურ ქსელებში მიუღებელი კომენტარების გამო, არასრულწლოვნის მიმართ ანგარიშსწორების შესახებ.

ამ ჩანაწერების გავრცელებას მოჰყვა საპროტესტო აქციები და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა.

მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ „პირველის“ ეთერში გასული მასალა ფაბრიკაციაა და 2010-2011 წლებში ფარულად ჩაწერილი სხვადასხვა საუბრის კომპილაციას წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ თანახმად, „რადიკალურ ოპოზიციას სურს, ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად“.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლის საშუალებას არ მისცემენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG