Accessibility links

site logo site logo

თურნავა "ნამახვანჰესზე" 3 ტიპის კრიტიკაზე საუბრობს, მათ შორის, ჰომოფობიასა და ქსენოფობიაზე


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ "ნამახვანჰესის" მშენებლობის პროცესში სამი სახის კრიტიკა იკვეთება. ამის შესახებ მან პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. პრობლემებს შორის, მან დაასახელა ინვესტორის მიმართ ჰომოფობიური დამოკიდებულებაც.

კრიტიკას ის ასე ჰყოფს:

  • პირველი - ზოგადად, უარყოფითი მიდგომა ჰესების მიმართ, "არა ჰესებს";
  • მეორე - უცხოელი ინვესტორის მიმართ ჰომოფობიური და ქსენოფობიური შინაარსის რიტორიკა;
  • მესამე - უფრო საქმიანი და კონტრუქციული ნაწილი, რომელიც შეეხება ხელშეკრულებას, კვლევებს და ა.შ.

"მე მაინტერესებს აქ მყოფი საზოგადოებისგან, ამ სამი კონკრეტული ბლოკიდან, რა რაკურსშიც მიმდინარეობს კრიტიკიდან, იზიარებენ თუ არა ისინი პირველ ორს, ანუ იზიარებენ თუ არა "საერთოდ არა ჰესებს" და იზიარებენ ისინი თუ არა იმ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამებს, რაც ჩვენ გვესმის უცხოელი ინვესტორის მიმართ", - თქვა მინისტრმა.

კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი. მისი აზრით, შესაძლოა, მინისტრს ტერმინები აერია:

"თურმე რაღაც დაყოფილი ყოფილა ეს ხალხი რაღაცა ჰომოფობებად, ქსენოფობებად, არაჰესებად და კიდევ რაღაცებად. მე, ნამდვილად, არსად გამიგია, არ ვიცი, ტერმინების არევასთან გვაქვს საქმე თუ რა, არ ვიცი, მაგრამ ჰომოფობიური განცხადებები არავის არსად, მით უმეტეს, ამ პროექტთან დაკავშირებით არ გაკეთებულა და, მით უმეტეს, რა შუაშია საერთოდ ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები, როდესაც ენერგოპოლიტიკაზე ვსაუბრობთ".

იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკის მინისტრმა პრობლემებზე საუბრისას "ჰომოფობიური დამოკიდებულება" ორჯერ ახსენა, სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ეს ნაწილი საერთოდ გამქრალია.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტში ორ საათზე მეტია "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს. კომიტეტს ესწრებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მინისტრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG