Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანის თქმით, ბერას უსმენდნენ როგორც ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილს


„ქართული ოცნების“ დეპუტატის თეა წულუკიანის განცხადებით, ბერა ივანიშვილი აღმოჩნდა ის ბავშვი, რომელსაც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ უსმენდა, რათა შემდეგ მის მშობლებზე ზეწოლა განეხორციელებინა. ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი, მედიის შეკითხვას "ტვ პირველის" მიერ 6 მარტს გავრცელებული აუდიოჩანაწერის შესახებ დაწყებულ გამოძიებაზე.

„მე ჩემი ეჭვი მაქვს, რომ როგორც ყველა ბავშვს, ვინც იყო ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილი, წერდნენ და შემდეგ ოჯახს ატერორებდნენ. ეს იყო მიზანი, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მასშტაბის ადამიანი, რომელსაც "ნაციონალები" დაატერორებდნენ და რეალურად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ ეს ბოროტება დავამარცხეთ. ეს ბოროტება დღესაც გრძელდება, ამ ბოროტებას რომ დაესვას საბოლოო წერტილი, ეს საკითხია გამოსაძიებელი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, პროკურორი რომ იყოს, გამოიძიებდა, „უკანონო ჩანაწერი ვინ გააკეთა, გამოიძიებდა, ეს უკანონო ჩანაწერი ვინ გაიტანა, სად გაიტანა, ვინ დაამონტაჟა და რა მიზნით“. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ ამ ფაბრიკაციის მიზანია ოპოზიციისთვის საფუძვლის შექმნა, რომ მათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებაზე თქვას უარი.

„უკანონო ჩანაწერებს ჭრიან, კერავენ და ცდილობენ, ქვეყანაში შეიქმნას არეულობა“, - ამბობს თეა წულუკიანი.

საქართველოს პროკურატურამ "TV პირველის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩაწერზე გამოძიება დაიწყო "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით". უწყების გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი საუბრის შინაარსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე.

6 მარტს "TV პირველმა" მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა.

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საუბრის შინაარსში დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. "ქართული ოცნება" არ უარყოფს მასში მონაწილე პირების ვინაობას; განმარტავს, რომ ეს არის 2010-2011 წლებში "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.

საკითხს ამ დრომდე არ გამოხმაურებია საუბარში მონაწილე ერთ-ერთი პირი - მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG