Accessibility links

site logo site logo

მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა აქცია „გამოდი ღირსებისთვის“


„მოძრაობა საქართველოსთვის“ ინიციატივით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს შორისაა ასევე იმ პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლებიც TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტში ფიგურირებდნენ.

აქციის მონაწილეებმა ინდივიდუალურად დაწერეს წერილები „გადადგეს ჰაკიმ ფაშა“, რომლებიც მთავრობის კანცელარიაში ჩააბარეს.

"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც, ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს.

საქართველოს პროკურატურა "TV პირველის" ეთერით ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის გავრცელებიდან მესამე დღეს, 9 მარტს, აცხადებს, რომ გამოძიებას იწყებს "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით". უწყების გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი საუბრის შინაარსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG