Accessibility links

site logo site logo

კელი დეგნანი: გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ყოველისმომცველი დღის წესრიგი გააჩნიათ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივებზე მუშაობა გაგრძელდეს ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა“, - მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები.

„პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა“, - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

საქართველოს მეგობრები, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით ვრცელ წერილს ავრცელებენ და მოუწოდებენ, უპირველესად ხელისუფლებას, იზრუნოს არსებული კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების შეთავაზებაზე. მათ შორის, გადადგას პირველი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG