Accessibility links

logo-print logo-print

ნათია თურნავა: ძალიან კომპეტენტურად გვქონდა ყველაფერზე პასუხები...


კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელზეც „ნამახვანჰესის“ საკითხი განიხილებოდა, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ექვსსაათიანი შეხვედრა ბევრ სპეციფიკურ შეკითხვას მოიცავდა.

„ჩვენც ძალიან კომპეტენტურად გვქონდა ყველაფერზე პასუხები... ჩვენ დავინახეთ აუცილებლობა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები უკეთესად იყოს გადაწყვეტილი ამ პროექტის ფარგლებში. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ინვესტორთან. ინვესტორი უკვე გამოხატავს მზადყოფნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში უფრო საგნობრივ პაკეტს შევთავაზებთ ადგილობრივ მოსახლეობას, თუ როგორ გავაძლიერებთ სოციალურ პასუხისმგებლობას...“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ის მზადაა, რამდენიმე საკითხზე, რომლებზეც საზოგადოებრივი ინტერესი ყველაზე მაღალია, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩართონ ექსპერტები და კიდევ ერთხელ გადახედონ შესაბამის დოკუმენტაციას.

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრი მარიტა მუსელიანი ამბობს, რომ კომიტეტის სხდომაზე, მთავრობის წევრები მოსახლეობას მხოლოდ სოციალური კომპონენტის გაძლიერებას დაჰპირდნენ, რაც მათ მოთხოვნებთან შედარებით არაფერია.

პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოხსენება შეეხებოდა 10135 მოქალაქის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციას „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“. პეტიციის მიხედვით, ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რიონის ხეობასა და ბუნებას, არამედ რაჭის, ლეჩხუმისა და ქუთაისის მოსახლეობას.

ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები რიონის ხეობის მცველებს 5 მარტს შეხვდნენ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის 132-ე დღეს მინისტრები თავად მივიდნენ სოფელ ნამოხვანში.

ამ შეხვედრას, რომელსაც თავად ხეობის მცველებმა დაგვიანებული უწოდეს, წინ უსწრებდა ორსაათიანი შეხვედრა ცაგერის მოსახლეობასთან ისევ ნამახვანჰესის მშენებლობის ამბავზე, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შეკრებილების დარწმუნებას ცდილობდნენ იმაში, რომ 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესი ხეობას საფრთხეს არ უქმნის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ნამახვანჰესზე სასაუბროდ რეგიონში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა 4 მარტს დაავალა.

თუ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ის საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი იქნება. ჰესის საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება.

კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 60 მეტრი იქნება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი.

შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.

ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე ოთხი თვეა აპროტესტებს და მოითხოვს, კომპანია "ენკა რინიუებლზმა" რიონის ხეობა დატოვოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG