Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს ბრალს სდებს ვაქცინების ექსპორტის დაბლოკვაში


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ლონდონი დაადანაშაულა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების დაბლოკვაში.

მიშელის თანახმად, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა მათ ტერიტორიაზე წარმოებული ვაქცინების ექსპორტს ნამდვილი ბლოკადა მოუწყვეს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ბრალდება უარყო და არაკორექტული უწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა და განმარტება ითხოვა.

მიშელის მიერ გამოთქმულ ბრალდებამდე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააკრიტიკა იტალიის მიერ მიღებული და ევროკომისიისგან მხარდაჭერილი გადაწყვეტილება, ავსტრალიისთვის დაებლოკათ „ასტრაზენეკას“ 250 000 დოზა ვაქცინის ექსპორტი. საუბარია ვაქცინებზე, რომლებსაც ეს ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია უშვებს რომთან მდებარე საწარმოში.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ზე გაცილებით დაბალი ტემპით მიმდინარეობს.

ევროკავშირი „ასტრაზენეკას“ პირობის დარღვევაში ადანაშაულებს. კომპანიამ ევროკავშირს პირველი კვარტლის განმავლობაში მისაღები ვაქცინების რაოდენობა 90 მილიონიდან 40 მილიონამდე შეუმცირა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ 50%-ით შეუმცირებს მეორე კვარტალში გასაგზავნი ვაქცინების რაოდენობასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG