Accessibility links

site logo site logo

რუსეთის ვაქცინის გამო ჩეხეთის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრის განთავისუფლება მოითხოვა


მილოშ ზემანი და ვლადიმირ პუტინი

ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა, მთავრობის მეთაურს მოსთხოვა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იან ბლატნი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინის გამო. ბლატნი თვლის, რომ ქვეყანა უნდა დაელოდოს ევროკავშირში რუსული ვაქცინის რეგისტრირებას, ზემანის აზრით კი, ვაქცინა შეიძლება დაშვებული იქნეს ბაზარზე ჩეხეთის მთავრობის მიერ.

გამოცემა „Parlamentní listy“-ისთან ინტერვიუში ზემანმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ქვეყნის ბაზარზე რაც შეიძლება მალე უნდა დაუშვან რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინები. მისი თქმით, ბაზარზე ვაქცინების დაშვების შეყოვნებით, ბლატნის და მას დაქვემდებარებული წამლების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორს, ირენა სტოროვას დაეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქალაქეების სიკვდილისთვის.

ბლატნი და სტოროვა თვლიან, რომ პრეპარატები უნდა დაამტკიცოს ევროკავშირმა. თვითონ პრეზიდენტიც სულ ახლახან ასევე ფიქრობდა, წერს ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო. ახლა ზემანმა აზრი შეიცვალა და ამბობს, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის მსგავსად, შეიძლება ჩეხეთმა თვითონ გასცეს ვაქცინების გამოყენების ნებართვა.

ზემანმა თებერვლის ბოლოს CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სთხოვა Sputnik V-ის მოწოდება. მან Parlamentní listy-ს უთხრა, რომ ჩეხეთმა მიიღო წინადადება გერმანიასთან ერთად ვაქცინის წარმოების შესახებ.

ჩეხეთი კორონავირუსის ახალი ტიპის პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაა, სადაც მილიონ 340 ათასს ადამიანს შეეყარა ინფექცია. კოვიდ-19-თან დაკავშირებით გარდაცვლილთა რიცხვი 22 ათასს გასცდა. ჯანდაცვის სისტემას უჭირს პაციენტების მოზღვავებულ რაოდენობათან გამკლავება.

ჯანდაცვის მინისტრის გადაყენება შესაძლებელია, თუ პრეზიდენტს ამას შესთავაზებს პრემიერი, ანდრეი ბაბიში, რომელმაც 10 მარტს გამოაცხადა, რომ ამ ეტაპზე კაბინეტში არავითარი ცვლილებები არ განიხილება. "ჩვენი ყურადღება აცრებზეა გადატანილი", თქვა პრემიერმა.

9 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი ვაქცინას პროპაგანდისთვის იყენებენ.

მისი თქმით, ორივე, რუსეთიც და ჩინეთიც, შეზღუდული რაოდენობის ვაქცინას აწვდიან ქვეყნებს, მაგრამ ამის შესახებ ბევრს უყვებიან მსოფლიოს. „ჩვენ ვაქცინას პროპაგანდისთვის არ გამოვიყენებთ“, თქვა მიშელმა, ჩვენ ჩვენს ღირებულებებს ვუწყობთ ხელს, დასძინა მან.

ევროპის სამედიცინო უწყება ახლა განიხილავს რუსული ვაქცინის რეგისტრაციას, რაც დროში შეიძლება გაიჭიმოს. უნგრეთში Sputnik V-ით აცრა უკვე მიმდინარეობს, სლოვაკეთმა მიიღო რუსული პრეპარატი, მაგრამ აცრა არ დაუწყია.

აცრების სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირის გარედან ვაქცინების მიწოდების დონე სიმბოლურს უახლოვდება.

ამასთან, რუსეთსა და ჩინეთში მოსახლეობის ვაქცინაციის დონე ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG