Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ სოხუმში რუსი ჟურნალისტების და საზოგადო მოღვაწეების განცხადებებით აღშფოთდნენ


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ აბსურდული უწოდა „ცალკეული რუსი ჟურნალისტების და საზოგადო მოღვაწეების“ განცხადებებს, რომ „აფხაზეთის მოქალაქის“, ახრა ავიძბას დაკავება აჩვენებს „აფხაზეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლას საქართველოს და ნატოს სასარგებლოდ“.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო სიტუაციის განზრახ დამახინჯებით და აქცენტების გადატანით გაკეთებულ მსგავს განცხადებებს აფასებს „აშკარა და დაგეგმილ პროვოკაციად, რომელიც მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის იმიჯის დისკრედიტაციისკენ“ და მიზნად ისახავს გაურკვევლობის შეტანას „აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობაში, რომელსაც სტრატეგიული ხასიათი აქვს“.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, ახრა ავიძბას გარშემო განვითარებულ მოვლენებს არანაირი საგარეო-პოლიტიკური სარჩული არ აქვს და სრულიად უსაფუძვლო და დაუშვებელია რუსეთის ხელისუფლებისადმი ცალკეული რუსი ჟურნალისტების და საზოგადო მოღვაწეების მოწოდება, რომ სიტუაციაში ჩარევა აუცილებელია.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციად მიიჩნევს აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს" განცხადებას, რომლის თანახმად, შექმნილი ვითარება აფხაზეთის საშინაო საქმეა და სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე, დონბასელი სეპარატისტების ერთ-ერთი უკანონო დაჯგუფების მეთაური, ახრა ავიძბა და მისი თანმხლები 5 პირი სოხუმში, 4 მარტს დააკავეს. ავიძბას ბრალად ედება პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, იარაღის უკანონოდ შენახვა. ახრა ავიძბასთან ერთად დაკავებული 4 პირი დონეცკის მცხოვრებია, ერთი კი - ყაბარდო-ბალყარეთის.

ახრა ავიძბამ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ აფხაზეთში შექმნა ახალი გაერთიანება, „ახალი ადამიანები“. ამ განცხადებას წინ უძღოდა ავიძბას მონაწილეობა სოხუმში, 2 მარტს გამართულ აქციაში, რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ ქართულ მხარესთან დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის, ბენურ კვირაიას კონტაქტებს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს „რუს ჟურნალისტებს და საზოგადო მოთვაწეებს“, რომლებსაც პროვოკაციასა და „აფხაზეთის საშინაო საქმეებში“ ჩარევის გამო ადანაშაულებს.

სოციალურ ქსელებში იძებნება მაგალითად, რუსი მომღერლის, სეპარატისტების აქტიური მხარდამჭერის, იულია ჩიჩერინას განცხადება, რომ „დონბასის სიმბოლოს“, ახრა ავიძბას დაკავება ადასტურებს აფხაზეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მეგობრობას საქართველოსთან და შესაბამისად, ნატოსთან. 10 მარტს, ჩიჩერინა სოხუმში ჩავიდა ავიძბას მხარდასაჭერად.

ახრა ავიძბას დასაცავად რუსეთის მთავრობას მიმართა სეპარატისტების კიდევ ერთმა აქტიურმა მომხრემ, რუსმა პუბლიცისტმა და პარტიის, „სამართლიანი რუსეთი-სიმართლისთვის“ თანათავმჯდომარემ, ზახარ პრილეპინმა, რომელიც პირადად მონაწილეობდა უკრაინის აღმოსავლეთში, სამთავრობო ძალებთან დონბასელი სეპარატისტების შეიარაღებულ დაპირისპირებაში.

2021 წლის იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ახრა ავიძბა ძებნილად გამოაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურმა. ავიძბას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე მძიმე დანაშაული, მათ შორის, ტერორისტული ჯგუფის შექმნა, ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და სასტიკი მოპყრობა. ახრა ავიძბას მინიჭებული აქვს ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ წოდება.

ავიძბა აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისშიც, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

2020 წლის ივნისში ახრა ავიძბა დანიშნეს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწედ საერთაშორისო საკითხებში. მან „თანამდებობა“ 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ „საერთო საქმისადმი რწმენა დაკარგა“.

2020 წლის ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ტერიტორიაზე, სოჭში მყოფმა ავიძბამ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მოხალისეები გააცილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG