Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 1 წლამდე ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 36 წლის კაცს (ბავშვის მამა) სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატი, მინარი მურყვაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მამა განიცდის ბავშვის გარდაცვალებას და მას შესაძლო სუიციდზეც ელაპარაკა.

ადვოკატის ინფორმაციით, მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. თავად ბრალდებულს სასამართლო პროცესზე არ ულაპარაკია.

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა საბოლოოდ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ზურაბ შავლიაშვილს წინასწარი პატიმრობა განუსაზღვრა.

სასამართლო ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. სხდომას ონლაინ ჩართვით დაესწრნენ პროკურორი და ადვოკატი.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2021 წლის 5 მაისს ჩაინიშნა.

შემთხვევა გურჯაანში 9 მარტს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთ წლამდე ასაკის ბავშვი შეეწირა მამაკაცის მიერ ცოლზე ძალადობას. ძალოვან უწყებაში (შსს) თქვეს, რომ მამაკაცი ქალს ფიზიკურად მაშინ გაუსწორდა, როდესაც მას ხელში ბავშვი ეჭირა. ამ დროს ბავშვმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

თავდაპირველად ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით (ძალადობა), თუმცა ბრალის წარდგენის დროს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა დაკავებულს რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება.

ეს მუხლებია: 116 (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი (ოჯახში ძალადობა რამდენჯერმე), 19 – 117-ის მესამე და მეხუთე ნაწილები (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა, თუმცა მედიისთვის დოკუმენტის შინაარსი ამ დრომდე უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG