Accessibility links

site logo site logo

დავით ზალკალიანი: აუცილებელია შედგეს კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს  შორის და პროცესი გადავიდეს პარლამენტში


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართება მოლაპარაკების პროცესი, რომელიც კომპლექსურია. მისი თქმით, სწორედ ამ კომპლექსურობიდან გამომდინარე არ უნდა გაჩნდეს მოლოდინი იმისა, რომ დღის წესრიგში დაგროვილი თემატიკა პირველივე რაუნდში სრულად დაიფარება და შედეგები მიღწეული იქნება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია,რომ ხელისუფლების მხრიდან პროცესში ჩართვის პოლიტიკური ნება არსებობს და გაცხადებულია, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. დავით ზალკალიანის თქმით, აუცილებელია მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული იქნას კონსენსუსი:

„აუცილებელია, რომ იქნას მიღწეული კონსენსუსი, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ ქვეყანას აქვს უსერიოზულესი გამოწვევები რეგიონში უსაფრთხოების კუთხით პანდემიასთან დაკავშირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით და ამიტომ აუცილებელია, რომ შედგეს კონსენსუსი ყველა პოლიტიკურ ძალას შორის და პროცესები გადავიდეს პარლამენტში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც განხილულ უნდა იყოს ყველა აქტუალური პრობლემური საკითხი. დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ იმ თემებზე უნდა დაიწყოს მსჯელობა, რომლებზეც კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. ასეთ საკითხებად მან დაასახელა საარჩევნო კანონმდებლობა და საგამოძიებო კომისია.

„ეს არის ყველა ის თემა, რომელზეც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა და რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე უნდა გადადოს, ოპონენტები მყავს მხედველობაში, საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შეეცადოს ყველა,რომ მიღწეულ იქნას კონსენსუსი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება. როდის გაგრძელდება მოლაპარაკება, ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა, ვადამდელ არჩევნებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.

8 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში მედიაციის პროცესში პირად წარმომადგენლად შეარჩია ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელიც საქართველოს უახლოეს ხანში ეწვევა.

16 მარტს ბრიუსელში გაიმართება ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრა ასოცირების ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას. სხდომაზე, არსებული ინფორმაციით, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზეც იმსჯელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG