Accessibility links

site logo site logo

ჯანდაცვის მინისტრი: საქართველო ვაქცინების მისაღებად მოლაპარაკებას ისრაელთანაც აწარმოებს


საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს დაავადება COVID-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სხვადასხვა მომწოდებელთან. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებებია AstraZeneca-ს ვაქცინის მწარმოებლებთან სამხრეთ კორეასა და ინდოეთში, ამერიკულ კომპანიებთან, Moderna-სა და Johnson&Johnson-თან და კოვაქს-პლატფორმასთანაც მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ როდის იქნება მოწოდებული ვაქცინის შემდეგი რაოდენობა.

ტიკარაძის თანახმად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორ ქვეყნებთანაც: „კერძოდ, ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთან. ისრაელთან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ორი მიმართულებით, ერთი არის „პფაიზერის“ ვაქცინა და მეორე არის „მოდერნას“ ვაქცინა. დამატებითი დოზების შეძენა და შესაძლებელია, დონაცია მოხდეს ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან“.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მოლაპარაკება აქვს გერმანიასთანაც მის მიერ წარმოებულ ვაქცინებზე, თუმცა, დაზუსტებით იციან, რომ მათი მოწოდება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წლის მესამე კვარტალში.

ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების უფრო კონკრეტული დეტალები არ დაასახელა იმ მიზეზით, რომ ხელი აქვთ მოწერილი გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე.

საქართველო ვაქცინის პირველ პარტიას, AstraZeneca-ს 43200 დოზას ამ შაბათს, 13 მარტს ელოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG