Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოსო თოფურიძე ბულგარეთიდან ექსტრადირებას ელოდება


სოსო თოფურიძე სოფიაში
სოსო თოფურიძე სოფიაში

ბულგარეთში მყოფი, ძებნილი სოსო თოფურიძე ლტოლვილის სტატუსს და საქართველოში ექსტრადიციას ერთნაირად ელოდება - ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბულგარული ბიურო ავრცელებს.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი 2012 წლიდან მიმალვაშია. მას ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.

თავდაპირველად სოსო თოფურიძე რამდენიმე წელი თურქეთს აფარებდა თავს, შემდეგ კი ბულგარეთში გადავიდა. 2019 წელს თხოვნით მიმართა ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტოს, მისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ, მაგრამ სააგენტოდან უარი მიიღო, მიზეზად დასახელდა ის, რომ არ არსებობდა რამე მტკიცებულება, რომ მას მართლაც სდევნიდნენ.

თოფურიძემ სოფიის სასამართლოსაც მიმართა, რომელმაც იგივე დასკვნა გამოიტანა. სანამ საკითხი კიდევ ერთ ინსტანციაში განიხილებოდა, თოფურიძე საქართველოს მოთხოვნით დააკავეს. ის გაათავისუფლეს სამი დღის შემდეგ 1000 ლევის (2026 ლარი) სანაცვლოდ. ამჯერად სოსო თოფურიძე ერთი მხრივ, ლტოლვილის სტატუსის მოლოდინშია, მეორე მხრივ კი იმის, რომ საქართველო მის ექსტრადიციას მოითხოვს.

„ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ისაა, რომ იმ ინსტიტუციის შენობაში დამაკავეს, რომელსაც შველას ვთხოვდი“, - განაცხადა სოსო თოფურიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, - „განა ბულგარეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა არ არის? თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც ასე ვაფასებ?“

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიება ძებნილი სოსო თოფურიძის ექსტრადირებისთვის.

სოსო თოფურიძეს და კუდის სხვა მაღალჩინოსნებს დათა ახალაიას, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს სასამართლომ ბრალი 2012 წელს წაუყენა. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, 2005 წლის იანვარში ცემეს პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც თითქოსდა შეურაცხყოფა მიაყენეს მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას. შემთხვევა რესტორანში მოხდა. ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა როგორც სოსო თოფურიძეს, ასევე მის უფროსს დათა ახალაიასაც. ორივე მათგანს 3 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG