Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილს სჯერა, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შედეგიანი იქნება


საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისაკენ სწრაფვა აერთიანებთ და ეს არ შეიცვლება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან დღევანდელი შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ადმინისტრაციის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტმა კრისტიან დანიელსონს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების, პარლამენტში მოხვედრილი პარტიების უფლებებისა და მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესახებ“.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს სჯერა, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შედეგიანი იქნება და მისი გამოცდილება დაეხმარება მხარეებს არსებული სიტუაციის დაძლევაში.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა შეიმჩნევა დაძაბულობის შემოტანის მცდელობები, ამიტომ, საჭიროა შემსუბუქდეს რიტორიკა და გამოსავლის მოსაძებნად პროცესმა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს. კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთოს დასკვნა არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის თქმით, საქართველო რეგიონში ყოველთვის იყო დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითი და ეს არ უნდა შეიცვალოს, რადგან საქართველოს ეროვნულ ინტერესშია.

"კრისტიან დანიელსონის თბილისში ჩამოსვლა აჩვენებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის", - დაწერა შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თანახმად, ყველა მხარემ პირველ ადგილზე ქვეყანა უნდა დააყენოს და დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძოლოს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი თბილისში დღეს ჩამოვიდა. შვედმა დიპლომატმა უნდა გააგრძელოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დაწყებული მედიაციის პროცესი.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება.

ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა, ვადამდელ არჩევნებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული პირველი შეხვედრიდან ერთ კვირაში, შარლ მიშელმა საქართველოში მედიაციის პროცესში პირად წარმომადგენლად დანიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG