Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილმა დაასახელა "ქართული ოცნების" 3 წევრი, რომლებიც ოპოზიციასთან მოლაპარაკებას გააგრძელებენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმედი აქვს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით პროცესი მოკლე დროში დასრულდება და ოპოზიციაც კონსტრუქციული იქნება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობა „არ არის სისტემატური და ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში“, ამიტომ შარლ მიშელის ჩართულობა ადასტურებს პირადად მის და ევროკავშირის ინტერესს საქართველოსადმი, ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას და ქვეყნის მიმართ ნდობის გამოხატულებაცაა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს, რა თქმა უნდა, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, ყველა აქტორს, როგორც ხელისუფლებას, ასევე, ოპოზიციას და ჩვენ ასეთივე პათოსით, ასეთივე სულისკვეთებით, პასუხისმგებლობით გამსჭვალული უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ საკითხს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა.

მან პარტია „ქართული ოცნების“ სახელით დაადასტურა სრული მზაობა, რომ მმართველი გუნდი იქნება შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნებიდან“ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე. "ქართულ ოცნებასთან" შემდგომ მოლაპარაკებაში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობას არ აპირებდა პარტია "ლელო".

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან დიალოგის შედეგი უნდა იყოს რეალური შეთანხმება იმისთვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება:

„რომ პარლამენტში პარტიებმა, ის, რაც იყო ჩვენი ხალხის დაკვეთა, რომ პარლამენტში შევიდნენ პოლიტიკური პარტიები და დაიწყოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, ეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიხილოთ ძალიან მალე და ამის იმედი გვაქვს ჩვენ ამ შეთანხმების შემდეგ“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში დღეს ჩამოვიდა. შვედმა დიპლომატმა უნდა გააგრძელოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული მედიაციის პროცესი.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება.

ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა, ვადამდელ არჩევნებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული პირველი შეხვედრიდან ერთ კვირაში, შარლ მიშელმა საქართველოში მედიაციის პროცესში პირად წარმომადგენლად დანიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG