Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტიან დანიელსონი: აქ რაც ხდება, მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის


​ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამბობს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანია, დაეხმაროს იმ პროცესს, რომელიც ამჟამად პოლიტიკურ მხარეებს შორის მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"როგორც აქამდე ფასილიტაციას უწევდნენ ელჩი დეგნანი და ელჩი ჰარცელი, ჩვენ ამ ფასილიტაციას ვაგრძელებთ. ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას უთმობს. აქ რაც ხდება, მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჩვენი მხრიდან არის შეშფოთება, რომ პოლიტიკურ ჩიხშია ქვეყანა... გვჯერა, რომ პოლიტიკური მხარეები ყველა ძალას იხმარენ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად, კომპრომისის სახით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი როლი, როგორც ჰარცელისა და დეგნანის, არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს...

ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმე, რომ მათ თვითონ იპოვონ, ჩვენი დახმარებით, გამოსავალი, რომ გაუმკლავდნენ ამ სიტუაციას და გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან", - თქვა კრისტიან დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი თბილისში დღეს ჩამოვიდა. შვედმა დიპლომატმა უნდა გააგრძელოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 1 მარტს დაწყებული მედიაციის პროცესი. დანიელსონმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ელოდება ძალიან დატვირთულ, სამდღიან მუშაობას პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება.

ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა, ვადამდელ არჩევნებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული პირველი შეხვედრიდან ერთ კვირაში, შარლ მიშელმა საქართველოში მედიაციის პროცესში პირად წარმომადგენლად დანიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG