Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო "TV პირველზე": ჟურნალისტების უფლებაა, დაიცვან თავიანთი წყაროები


აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმიანება "TV პირველის" გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე დაწყებულ გამოძიებას და აცხადებს, რომ ამ საკითხს ყურადღებით აკვირდებიან. გავრცელებულ განცხადებაში გამოძიების დაწყების დროს მედიის უფლებებზეა საუბარი.

"ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ყურადღება გამახვილებულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე:

"სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით".

სწორედ სასამართლოს გავლით მოიპოვა პროკურატურამ ტელევიზიიდან იმ მოწყობილობის ამოღების უფლება, რომლითაც ვარაუდობენ, რომ მათ ჩანაწერი გადასცეს. მოგვიანებით, პროკურატურამვე გაავრცელა განცხადება, რომ "TV პირველს" უფლება აქვს, არ მისცეს მათ შესაბამისი მოწყობილობა.

"TV პირველმა" 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, "TV პირველიდან" ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც". ღარიბაშვილმა ამ ჩანაწერს, 6 დღის შემდეგ, ფალსიფიცირებული უწოდა.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG