Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დიალოგის დეტალების შესახებ ვერ ილაპარაკებს. როგორც კობახიძე ამბობს, ამ თემაზე პარტნიორებთან შეთანხმდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში შედგება შეთანხმება.

„საზოგადოება პასუხს ელოდება უკვე დიდი ხანია და რამდენიმე დღესაც ალბათ დაგვაცდიან. ამის შემდეგ უკვე საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას, რა იყო მხარეების პოზიციები და როგორ დასრულდა საბოლოო ჯამში დიალოგი.

ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. რა თქმა უნდა, განიხილება ყველა რაციონალური წინადადება, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ. ეს არის ჩვენი პოზიცია და გარწმუნებთ, „ქართული ოცნება“ იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობით ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

ჩვენ ვიცით, რომ მხარეებს აქვთ თავისი პოზიციები და მათ სჭირდება დაახლოება, იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს. ასეთი დაახლოებისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეესაბამება ჩვენს სამართლებრივ პრინციპებს და სახელმწიფოებრივ ინტერესებს და სახელმწიფოებრიობას.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს დიალოგი წარმატებით“, - თქვა კობახიძემ.

როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, საუბარი არ ყოფილა „არც წითელ ხაზებზე, ყვითელ ხაზებსა თუ ლურჯ ხაზებზე, ამაზეც ვერ გავაკეთებთ განცხადებას“.

კობახიძემ განმარტა, რატომ არ ესწრებოდა შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. დეპუტატის თქმით, ეს არის დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის და თავად არის წარმოდგენილი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძის თქმით, წინა შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი იმის გამო ესწრებოდა, რომ ის იყო მოსამზადებელი შეხვედრა.

„ქართული ოცნებიდან“ შეხვედრაში ირაკლი კობახიძის გარდა მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში დღეს, 12 მარტს, ჩამოვიდა. შვედმა დიპლომატმა უნდა გააგრძელოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული მედიაციის პროცესი.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება.

ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა, ვადამდელ არჩევნებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული პირველი შეხვედრიდან ერთ კვირაში, შარლ მიშელმა საქართველოში მედიაციის პროცესში პირად წარმომადგენლად დანიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG