Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძეგლთა დაცვის სააგენტო დუშეთის ეპარქიას ახატნის ეკლესიის დაცვას სთხოვს  


სოფელ ახატნის ეკლესიის საცხოვრებლად გამოყენების გამო ძეგლთა დაცვის სააგენტო წილკნისა და დუშეთის ეპარქიას მიმართავს და სთხოვს, ეკლესიიდან საყოფაცხოვრებო ნივთები (ღუმელი, ლოგინი…) გამოიტანონ, ასევე მიიღონ ზომები, რომ კულტურული ძეგლის ტერიტორია მომავალშიც დაცული იყოს.

რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ახატნის მცირე ეკლესიას საცხოვრებლად იყენებენ.

ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ფაქტის შესწავლის მიზნით ახატნის ეკლესიაში იმყოფებოდნენ. აღმოჩნდა, რომ სამლოცველოში სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი ცხოვრობს, რომელიც სოფელს პერიოდულად ესტუმრება ხოლმე. ამჟამად სააგენტოს თანამშრომლებს ის ადგილზე არ დახვდათ.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშში წერია, რომ სამლოცველოში იდგა შეშის ღუმელი, გაშლილი იყო ლოგინი, ინახებოდა შეშა და სამეურნეო იარაღები. აღნიშნულია, რომ ღუმელს შესაძლოა არც ანთებდნენ, რადგან კედლებზე ჭვარტლი არ არის. გარდა ამისა, უშუალოდ ხატები ჩამოკიდებული იყო ეკლესიის კედლებზე, რის გამოც ლურსმნები პირდაპირ ფრესკებში ჰქონდათ ჩარჭობილი. ფრესკების დაზიანების ფაქტზე ძეგლთა დაცვის სააგენტომ დუშეთის სამხარეო პოლიციას მიმართა.

ახატნის იოანე ნათლისმცემლის კომპლექსი შედგება განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესიისა და გვიანი შუა საუკუნეების მცირე ზომის სამლოცველოსგან. ეკლესია მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში შემორჩენილია მე-13 საუკუნის მხატვრობა ქტიტორის გამოსახულებით. კომპლექსს მინიჭებული აქვს უძრავი ძეგლის სტატუსი. კომპლექსი აღდგა 2005-2009 წლებში.

სააგენტოში აცხადებენ, რომ გეგმავენ, სამომავლოდ ძეგლი სოფლის მოსახლეობის, ეპარქიისა და ადგილობრივი სასულიერო პირის ჩართულობით დაიცვან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG