Accessibility links

logo-print logo-print

სამნიძის თქმით, ყველა პუნქტზე უნდა შედგეს შეთანხმება იმისთვის ოპოზიციამ პარლამენტში იმუშაოს


ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, რომელიც მონაწილეობდა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაში, ამბობს, რომ საინტერესო და სასარგებლო საუბარი შედგა.

„მე ვარ ძალიან პოზიტიურად განწყობილი, რომ შეთანხმება უნდა შედგეს. ეს არის შეთანხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აქ არ არის მოგებული და წაგებული მხარე. სწორედ, ამის მიღწევა გვინდა ჩვენ, რომ არ იყოს მხარეებს შორის შეჯიბრი, ვინ, რას დაუმტკიცებს ერთმანეთს, არამედ გაიმარჯვოს ქვეყანამ“, - ამბობს სამნიძე.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, რომ დღევანდელ პოლარიზებულ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი შეთანხმება შედგეს, რომელიც არათუ ახლა გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან, არამედ სამომავლოდაც არ იქნება მსგავსი შემთხვევები და შესაძლებელი იქნება ერთად, მტკიცედ სიარული ვადამდელი არჩევნებისკენ.

სამნიძის თქმით, საქართველო არის არანორმალურ ვითარებაში, როდესაც ერთ-ერთი დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის დაკავებული. „ცხადია, ეს საკითხი დგას იმ ჩამონათვალში, რომელიც მოამზადა პრეზიდენტმა მიშელმა", - აღნიშნავს ის.

ხათუნა სამნიძის თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება ყველა პუნქტზე უნდა შეთანხმდეს იმისთვის, რომ მათ პარლამენტში მუშაობა გააგრძელონ.

ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს წევრებთან შეხვედრამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების" წარმომაადგენლებს შეხვდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში დღეს, 12 მარტს, ჩამოვიდა. შვედმა დიპლომატმა უნდა გააგრძელოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული მედიაციის პროცესი.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება.

ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა, ვადამდელ არჩევნებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული პირველი შეხვედრიდან ერთ კვირაში, შარლ მიშელმა საქართველოში მედიაციის პროცესში პირად წარმომადგენლად დანიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG