Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი პოლიტიკურ ძალებს დიალოგში თავშეკავებისაკენ მოუწოდებს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე პროცესს განცხადების ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მიერ პირადი წარმომადგენლის მოვლინება, ანუ ევროკავშირის უშუალო ჩართულობა, ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას. ზურაბიშვილი პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს თავშეკავებისკენ.

„ამ ვითარებაში, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებას, რომ ეს შანსი სრულყოფილად იქნას გააზრებული და გამოყენებული. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო თავშეკავებისაკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას, ან ხელოვნურ აჟიოტაჟს. თავი შეიკავონ ყველაფერ იმისგან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ან სულაც დააზიანოს მიმდინარე პროცესი.

კერძოდ, არსებულ ვითარებაში, აუცილებელია, რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა და სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები. ამ თავშეკავებაზეა დამოკიდებული როგორ წარდგება საქართველო (და აქ მინდა გარკვევით ვთქვა, რომ საქართველო) და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა უმნიშვნელოვანეს მომენტში, უმნიშვნელოვანეს ადგილას, ანუ ბრიუსელში, ევროპის წინაშე.

არ დავივიწყოთ, რომ ბრიუსელში არა მხოლოდ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს“ სხდომა იმართება, რომელზეც ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი შემდგომი ნაბიჯებია დამოკიდებული, არამედ მასზეა ასევე დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მხარდაჭერა მთავარ გამოწვევებთან - კოვიდთან თუ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში", - აცხადებს ზურაბიშვილი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში დღეს, 12 მარტს, ჩამოვიდა. შვედმა დიპლომატმა უნდა გააგრძელოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული მედიაციის პროცესი. ის შეხვდა პრეზიდენტს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება.

ოპოზიციის მოთხოვნებია ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება თავად მელიას და ოპოზიციის ხელშია და ეს გზა გირაოს გადახდაა, ვადამდელ არჩევნებს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაადგენს არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იან ცდომილებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული პირველი შეხვედრიდან ერთ კვირაში, შარლ მიშელმა საქართველოში მედიაციის პროცესში პირად წარმომადგენლად დანიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG