Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები გმობენ რადიო თავისუფლებაზე „თავდასხმას“ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან


აშშ-ის გავლენიან სენატორთა ორპარტიული ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რათა აღკვეთოს „სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი თავდასხმა“, რომელიც მედიის, კერძოდ, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

12 მარტს გაკეთებულ განცხადებაში, სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატი და რესპუბლიკელი წევრები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთში მედიაგარემოს გაუარესებასა და სადავო „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონით აშშ-ის დაფინანსებული რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების და ამ კორპორაციის სხვა პროექტების ჩახშობაზე.

ამერიკელი სენატორები პირადად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებენ კანონმდებლობის გამკაცრებისათვის კრემლის კრიტიკოსების დასასჯელად და იმ ქმედებებისათვის, რომელიც სარისკოს ხდის ჟურნალისტების უსაფრთხოებას.

„მედიისათვის ასეთ უკიდურესად რთულ გარემოში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ფასდაუდებელ სამსახურს უწევს რუსეთის ხალხს, ცენზურის გარეშე აწვდის ცნობებს და ჟურნალისტიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით აშუქებს ქვეყანაში შექმნილ მოვლენებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დემოკრატი სენატორები კრის კუნსი და ბობ მედენდესი და რესპუბლიკელი მიტ რომნი და მარკო რუბიო.

ამ განცხადების ფონია „როსკომნადზორის“ საჩივრის საფუძველზე, რადიო თავისუფლების დაჯარიმების შესახებ გამოტანილი განაჩენი.

რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელმა, „როსკომნადზორმა“ რთე/რთ-ს ჯარიმები დაუწესა იმის გამო, რომ, მედიის მარეგულირებლის თანახმად, მედიაკორპორაცია არღვევდა „უცხოეთის აგენტების“ თაობაზე კანონს და თავის მასალებს არ უკეთებდა შესაბამის მარკირებას.
მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლომ 3 მარტს არ დააკმაყოფილა რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების სააპელაციო სარჩელი. რთე/რთ ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს 10 თებერვლის განაჩენს, რომლითაც სასამართლომ დაადასტურა კორპორაციისთვის „როსკომნადზორის“ მიერ დაკისრებული ჯარიმები.

„რთე/რთ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯარიმების თაობაზე გადაწყვეტილებას“, განაცხადა მედიაკორპორაციის პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ. „ჩვენ არ ვეთანხმებით არც სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ჩვენი საჩივრის უარყოფის თაობაზე“.

რთე/რთ-ის პრეზიდენტით თქმით, „როსკომნადზორის“ ახალი ბრძანება არის სახელმწიფოს შეტევა მასმედიის თავისუფლებაზე და არღვევს რუსეთის კონსტიტუციასა და „მედიის შესახებ“ კანონს. ფლაის თქმით, კორპორაცია უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრებს სასამართლოს დღევანდელ განაჩენს.

„როსკომნადზორის“ მოთხოვნით, რთე/რთ-ის ის პროექტები, რომლებიც რუსეთის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი, მარკირებული უნდა იყოს როგორც „უცხოეთის აგენტის“ მიერ მომზადებული მასალები. მარკირება უნდა გაუკეთდეს ყველა ტექსტს საიტებზე, შეტყობინებებსა და პოსტებს სოცქსელებში - მიუხედავად მათი ზომისა.

დღემდე რთე/რთ-ის წინააღმდეგ „როსკომნადზორის“ 142 ჯარიმაა გამოწერილი. მათმა საერთო ღირებულებამ 70 მილიონ რუბლს შეიძლება გადააჭარბოს. „როსკომნადზორი“ აცხადებს, რომ მზადაა, ჯარიმები გაზარდოს და რომ რუსეთის კანონმდებლობა საიტების დაბლოკვასაც ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG