Accessibility links

site logo site logo

პოლონეთმა ორი ბელარუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო


საპროტესტო აქცია ვარშავაში, ბელარუსის საელჩოს წინ

პოლონეთმა 12 მარტს პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა ორი ბელარუსი დიპლომატი და მოსთხოვა მათ ქვეყნის დატოვება 48 საათის განმავლობაში.

ვარშავის გადაწყვეტილება შეეხება ბელოსტოკის გენერალურ კონსულსა და ვარშავის კონსულს. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება ნაცვალგების პრინციპით მიიღო მას შემდეგ, რაც მინსკმა არამეგორბული ნაბიჯი გადადგა პოლონეთის დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ.

მანამდე ერთი დღით ადრე, 11 მარტს, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ პოლონეთის მხრიდან „წრეგადასული, ასიმეტრიული და დესტრუქციული“ ნაბიჯების პასუხად, 48 საათის განმავლობაში ქვეყნიდან გააძევებს ქალაქ გროდნოში მდებარე პოლონეთის საკონსულოს ორ თანამშრომელს.

ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც 28 თებერვალს ბრესტში გაიმართა ე.წ. წყეული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემი ცერემონია. ამ სახელით ცნობილი, პოლონური სამხედრო ფორმირების ჯარისკაცები, მეორე მსოფლიო ომის დროს, თავიდან ნაცისტებს ებრძოდნენ, შემდეგ კი - საბჭოთა ხელისუფლებას, მათ შორის, დასავლეთ ბელარუსის ტერიტორიაზე, რომელიც ომამადე პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა. მინსკის ხელისუფლება „წყეულ ჯარისკაცებს“ მოსახლეობაზე ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

9 მარტს მინსკმა ქვეყანა დაატოვებინა ბრესტში პოლონეთის კონსულს, იეჟი ტიმოფეიუკს, რომელიც თებერვალში გამართულ ხსოვნის ცერემონიაში იღებდა მონაწილეობას.

ბელარუსის ხელისუფლება პოლონეთს ასევე ადანაშაულებს თავის შიდა საქმეებში ჩერევასა და 9 აგვისტოს შემდეგ, ბელარუსში დაწყებული საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მხარდაჭერაში.

ბელარუსში აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები ლუკაშენკას გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG