Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, პარლამენტის წინ, მედიკოსებმა აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად კარავი გაშალეს


რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სადაც ოპოზიციის მომხრე აქტივისტების კარვებია გაშლილი, 13 მარტს ექიმებმაც გაშალეს თავიანთი კარავი. ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, ეს უკვე რიგით მე-18 კარავია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წინ.

აქციის მონაწილე მედიკოსები ამბობენ, რომ კარავი პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვისაა განკუთვნილი, სადაც მუდამ იქნება ექიმი, ექთანი, სამედიცინო პერსონალი, რომელიც მოქალაქეებს გვერდში დაუდგებიან და მათ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

23 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს. ამ ხნის განმავლობაში ამ აქციას შეუერთდნენ ზუგდიდის, თელავისა და ბათუმის „კარვების აქციების“ მონაწილეები. ამ ქალაქებში საპროტესტო კარვები გაშლილი ჰქონდათ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG