Accessibility links

site logo site logo

შსს-მ ტრეფიკინგის ფაქტზე მამა-შვილი დააკავა


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტი გამოავლინეს. სამი პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2015-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს. ბრალდებულებმა აღნიშნული პირები მიიყვანეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ახლოს მდებარე საქონლის ფერმაში, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში.

შსს-ს თანახმად, გარდა ამისა, ბრალდებულები უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ როგორც პირადად, ასევე, საცხოვრებელ სახლს, მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით.

სამართალდამცველებისთვის აღნიშნული დანაშაულის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სომხეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფერმიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადა სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით. იგი ამ დროს შეაჩერეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG