Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიკა რაქვიაშვილი: სტრასბურგის ვერდიქტის აღსრულება ევროსაბჭოს ერთიან პასუხისმგებლობას წარმოადგენს


„21 იანვარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი პასუხისმგებლად ცნო ადამიანის უფლებების დარღვევაზე მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რადგან ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა აღნიშნულ ტერიტორიებზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ“, - ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, მარიკა რაქვიაშვილის სტატიაში, რომელიც ჩეხეთის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა „ლიდოვე ნოვინიმ“ გამოაქვეყნა.

საქართველოს ელჩი მკითხველს შეახსენებს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 12 წლის დაწყებულ დავასთან დაკავშირებულ პერიპეტიებს, რაც 21 იანვარს საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

„ეს წარმატებული შედეგი არის ნაყოფი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების 12-წლიანი ძალისხმევისა, რაც წარმოადგენს დამატებით იმპულსს, რათა საერთაშორისო თანამშრომლობით გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით“, - ნათქვამია ჩეხეთში საქართველოს ელჩის მარიკა რაქვიაშვილის სტატიაში.

საქართველოს ელჩის თქმით, შემდგომი ნაბიჯია „სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, რაც ევროსაბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს ერთიან პასუხისმგებლობას წარმოადგენს“.

და ამ საქმეში საქართველოს იმედი აქვს ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკის თანადგომისა, რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - დასძენს მარიკა რაქვიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG