Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად აძინბაია: მე ვფიქრობ, მოლაპარაკებები დიდი ალბათობით არ ჩაიშლება


ზვიად აძინბაია
ზვიად აძინბაია

ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დიპლომატიის პრაქტიკის მკვლევარის, ზვიად აძინბაიას შეფასებით საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს დააზიანებდათ. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა,რომ ყველამ უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.

„შეიძლება მოლაპარაკება გაიწელოს, ეს ნორმალურია, შეიძლება მოლაპარაკება გადაიდოს, მცირე პერიოდი დღეების განმავლობაში და ასე შემდეგ, რაც ასევე ნორმალურია, მაგრამ მოლაპარაკების ჩაშლა ნიშნავს ჩაშლას ყველა აქტორის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების სურვილის და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ჩაშლას. მე ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით არ ჩაიშლება, იმიტომ,რომ ძალიან მაღალ დონეზეა ასული“, - აღნიშნა ზვიად აძინბაიამ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, მიზნის მისაღწევად დიპლომატიაში ხისტი მეთოდებიც გამოიყენება:

„ახლა თუ ჩაიშლება და ყველა გაჯიქდება და არაცივილიზებულ მოდელში გადავა, ისტორიიდანაც გვახსოვს მომლაპარაკებლები, უახლოესი ისტორიიდან როცა დეიტონის შეთანხმების ხელმოწერამდე რიჩარდ ჰოლბრუკმა კონფლიქტის მხარეები 10 დღე ჩაკეტა და არსად არ გაუშვა. ეს მოხდა ოჰაიოში არსებულ ბაზაზე. სამხედრო ბაზაზე და რომ მიაღწიეს ამ შეთანხმებას მხოლოდ მაგის შემდეგ გაათავისუფლეს. ტყვედ კი არ აუყვანიათ, მაგრამ ზოგადად ვამბობ, რომ დიპლომატიაში შეიძლება მკაცრი, ხისტი მეთოდების გამოყენება საბოლოო მშვიდობის და უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მისაღწევად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ფასილიტატორებს, მომლაპარაკებლებს, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს ამის გაკეთებას არ აიძულებენ“, - განაცხადა ზვიად აძინბაიამ "დილის საუბრებში".

ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებული დიალოგი 12 მარტიდან გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ევროკავშირის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს დღესაც განაგრძობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG