Accessibility links

site logo site logo

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო


ახალი ამბულატორია სოფელ პირველ სვირში

საქართველოში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის სამოქმედო გეგმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მოამზადეს

რეფორმის მიზანია დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის ხარისხის და ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეფორმა მოიცავს პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ექთნების გადამზადებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას: „ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველი ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი".

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს. რეფორმა ითვალისწინებს მედიკამენტების ფასების რეგულაციასა და ქრონიკული დაავადების სამკურნალო, ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამის გაფართოებას. პირველადი ჯანდაცვა თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის.

ჯანდაცვის საკითხთა ექსპერტის, აკაკი ზოიძის თანახმად, პირველადი ჯანდაცვის რეფორმამ, რომელიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება, მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს ხარისხიან სერვისებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიუ დომენტეს განმარტებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს ახალ მიდგომას, ექთნების როლის გაზრდას და მომსახურების ჰარმონიზაციას სოფელსა და ქალაქში. რეფორმის მიზნებს შორისაა ციფრული ჯანდაცვის სერვისების გამოყენების გაფართოება, პირველადი ჯანდაცვის, როგორც კონტაქტის პირველი რგოლის გაძლიერება, ოჯახის ექთნის როლის გაზრდა, ინდივიდუალური რისკის შეფასება და ქრონიკული დაავადებების მართვა.

როგორც დომენტემ განაცხადა, „ეს არ არის უბრალოდ სერვისების ჩამონათვალი, ეს არის საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ახალი ფილოსოფია, ვინაიდან რეფორმა სცილდება მხოლოდ პაკეტის გადახედვას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG