Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლქვაძე: "პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის მეც მოვიაზრები"


პარლამენტმა მხარი დაუჭირა კულტურის კომიტეტის ცალკე შექმნას. საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით დამტკიცდა, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს კულტურის სფერო გამოეყოფა და ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბდება.

წინასწარი ინფორმაციით, კულტურის კომიტეტს დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. თავად კი ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა: "პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება - ვინ იქნება თავმჯდომარე, არ ვიცი, რამდენიმე კანდიდატს შორის მეც მოვიაზრები".

ბოლქვაძე ამბობს, რომ კულტურის კომიტეტის გამოყოფა ძალიან მნიშვნელოვანია და სამომავლო პროექტების იდეებიც აქვს, რომელთა განხორციელებაც სურს.

"ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ხაზი, რადგან განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმოჩინების საქმეში. ამაზე მიბმულია ბევრი თემა, მათ შორის ტურიზმი. მაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი გეგმა, რომელიც უკავშირდება როგორც რეგიონებს, ასევე ახალგაზრდების განათლებას, მუსიკისა და ხელოვნების სფეროს", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურა განიხილება.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს კი შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ახლა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG