Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება


ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი. თბილისი 2015 წლის 27 აგვისტო
ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი. თბილისი 2015 წლის 27 აგვისტო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ნატო ისევ ერთგულია ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელიც საქართველოს და უკრაინას აძლევს ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 16 მარტს განაცხადა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას. სტოლტენბერგის თქმით, ნატო ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც ალიანსის ფასეულობებს იზიარებს და მზად არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპების შესასრულებლად.

დღეს ბრიუსელში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ბელგიის დედაქალაქში 15 მარტიდან იმყოფება. ის შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკის. 16 მარტს, ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა.

ევროკავშირის მედიაციის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებული დიალოგი 12 მარტიდან გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ევროკავშირის მაღალჩინოსანი თბილისში რჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG