Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დანებით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ აზერბაიჯანელ ბლოგერს


მაჰამედ მირზალი
მაჰამედ მირზალი

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი მოუწოდებს საფრანგეთის ხელისუფლებას, გულდასმით გამოიძიოს აზერბაიჯანელ ბლოგერ მაჰამედ მირზალიზე მომხდარი თავდასხმა, რასაც ადგილი ჰქონდა დასავლეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ ნანტში.
ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის თანახმად, საფრანგეთის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ ქვეყანაში თავშესაფრის საძებნელად მყოფი ყველა ბლოგერისა და ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლების დაცვა.


14 მარტს ბლოგერ მაჰამედ მირზალის თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც მას მრავალი ჭრილობა მიაყენეს და თავის მოჭრით ემუქრებოდნენ.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი მირზალი საადადმყოფოში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გერმანიაში მცხოვრები ბლოგერის მეგობარმა განაცხადა, რომ მირზალიმ პირდაპირ თავდასხმის წინ მოასწრო პოლიციის გაფრთხილება.

თავდასხმამდე ორი დღით ადრე აზერბაიჯანელმა ბლოგერმა იუთუბით გაავრცელა მასალა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ბაქო საზღვარგარეთ მყოფ თავის კრიტიკოსებზე ნადირობს და, ზოგჯერ, ხოცავს მათ.


მირზალი ცნობილია აზერბაიჯანის ხელისუფლების მწვავე კრიტიკით. მისი იუთუბის არხს დაახლოებით 256 000 ხელმომწერი ჰყავს. 2018 წელს, აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მირზალიმ სოციალურ ქსელში წამოიწყო აქცია სახელწოდებით „მოყევი დიქტატურაზე“. 2020 წლის ოქტომბერში ბლოგერმა განაცხადა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასსა და მის ოჯახზე განხორციელებული მუქარებისა და დევნის შესახებ.
აზერბაიჯანი 180 ქვეყანას შორის, 168-ე ადგილს იკავებს პრესის თავისუფლების მხრივ. ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს 2003 წლიდან ერთპიროვნულად მართავს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც ეს პოსტი მემკვიდრეობით თავისი მამის, ჰეიდარ ალიევისგან მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG