Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: აღარ ვერევი პარტიული პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში


ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს „ევროპული საქართველოს“ მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

მისი განმარტებით, ევროპული მხარის გადაწყვეტილებით, დღევანდელ შეხვედრაში ყველა პარტია უნდა მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენლით: „ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად, ასეთ მომენტში წარმოვადგენდე პარტია “ევროპულ საქართველოს”, რომლის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ ვაცნობე საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრთა თხოვნით, პარტიის აპრილის ყრილობამდე ჯერ კიდევ ვითავსებ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, პარტიიდან ფაქტობრივად უკვე წამოსული ვარ და აღარ ვერევი პარტიული პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში“.

დავით ბაქრაძის თანახმად, "პარტიას წარმოადგენს გიგა ბოკერია, რომელიც, როგორც ცნობილია, აპირებს “ევროპული საქართველოს” ლიდერად დარჩენას". ბაქრაძე კოლეგებს წარმატებულ მოლაპარაკებებს უსურვებს. დავით ბაქრაძე მონაწილეობდა კრისტიან დანიელსონთან წინა შეხვედრაში, რომელიც 15 მარტს გაიმართა.

ევროკავშირის მედიაციის შედეგად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებული დიალოგი 12 მარტიდან გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ევროკავშირის მაღალჩინოსანი თბილისში რჩება და შეხვედრებს განაგრძობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG