Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გააფართოვა სკრიპალებისა და ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები


აშშ-მა გააფართოვა რუსეთის მიმართ სანქციები, რომლებიც ადრე შემოიღო სერგეი და იულია სკრიპალების სოლსბერიში და ალექსეი ნავალნის ტომსკში მოწამვლის გამო. ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო იტყობინება.

განცხადების თანახმად, 18 მარტს აშშ წყვეტს რუსეთში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტსა და რეექსპორტზე აკრძალვებში მოქმედ გამონაკლისებს. საქმე ეხება თავდაცვითი და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებაზე აკრძალვებს.

ყველაზე სერიოზული პრობლემები შეექმნება რუსეთის საავიაციო და კოსმოსურ დარგებს: ამერიკული ექსპორტი მათთვის უკვე 2021 წლის 1 სექტემბრიდან შეწყდება, ნათქვამია აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

ამავე დროს, ინსტრუქცია აშშ-ის ხელმძღვანელობას უტოვებს გამონაკლისების გაკეთების უფლებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი ის მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ საექსპორტო გარიგების დამტკიცება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG