Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწყრულ პროცესებზე პირველადი მონაცემები უახლოეს დღეებში იქნება - ამბობს კალაძის მოადგილე


თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ "ვაშლიჯვრის ფერდობზე" დაწყებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პირველადი მონაცემები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მერის მოადგილის კომენტარს უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ბენდელიანი ამბობს, რომ მომავალ კვირაში თბილისში ჩამოვლენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე გერმანელი ექსპერტები და ისინი ჩაერთვებიან პროცესებში. მისვე თქმით, საგზაო სამუშაოებს მეწყერთან კავშირი არ აქვს.

"მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს მეწყრული პროცესები მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, ზედა ფერდობზე, ხოლო ის საგზაო სამუშაოები, რომელზეც არის საუბარი, არის მაჭავარიანის ქუჩიდან ქვედა ნაწილში", - თქვა მერის მოადგილემ.

ისვე აღნიშნავს, რომ ექსპერტებმა რამდენიმე რეკომენდაცია გასცეს. მათ შორის იყო მიმდებარე, მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა.

"ასევე მათი რეკომენდაცია არის, რომ მოხდეს ამ მეწყრული პროცესების მონიტორინგი, რაც უკვე მიმდინარეობს პირველივე წუთიდან. მათი რეკომენდაცია არის, რომ მოხდეს დეტალური კვლევა-პროექტირება და ამის შემდეგომ, შესაბამისი სამუშაოების გახორციელება. ეს უკანასკნელიც უკვე მიმდინარეობს, ანუ ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე", - დასძინა მან.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ვაშლიჯვრის ფერდობზე" მეწყრული პროცესების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ამ მიზეზით მაჭავარიანის ქუჩა უნდა გადაკეტილიყო.

დღეს დილიდან მიმდებარე ტერიტორიიდან ავრცელებს ვიდეომასალას ლაშა სუხიაშვილი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელია. მის გავრცელებულ ვიდეომასალაში მეწყრისგან გაჩენილი ნაპრალის სიგანისა და სიღრმეზე წარმოდგენის შექმნაა შესაძლებელი. იმ ადგილზე, სადაც ვიდეოა გადაღებული მიწის ორ ნაწილს შორის დაშორება 1 მეტრამდეა, სიღრმე კი მინიმუმ ორ მეტრამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG