Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ოფისში გაიმართა კრისტიან დანიელსონის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის შემდეგ, კობახიძემ მედიას უთხრა, რომ ისაუბრეს სავარაუდო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე:

„ალბათ, ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც იქნება ასეთი კონსულტაციები და დღეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ერთობლივი შეხვედრა შედგება“.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს იმედი აქვს, რომ დიალოგი დასრულდება წარმატებით და შეთანხმებით, „თუ იქნება სათანადო მიდგომა ყველა მხრიდან“.

ირაკლი კობახიძემ ისევ არ უპასუხა შეკითხვებს, კონკრეტულად რა საკითხებს მოიცავს სავარაუდო შეთანხმება, და გაიმეორა, რომ დეტალებზე წინასწარ არ ლაპარაკობენ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით.

კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებულ მედიაციის პროცესს, რომლის მიზანია ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მხარეთა შორის შეთანხმებით. პროცესში ჩართული არიან ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG