Accessibility links

site logo site logo

ნოვრუზის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათი არ მოიხსნება


სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო ჯგუფის მიმართვის მიუხედავად, ნოვრუზის დღესასწაულზე კომენდანტის საათი ერთი ღამით არ მოიხსნება, - ამის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღესასწაულ ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კულტურულ, რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე, ასევე ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთებით იმ დროს, როცა შეზღუდვების უმეტესობა უკვე მოხსნილია, შესაბამისად მსგავს დღესასწულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის“ ,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 11 მარტს მიმართეს.

განცხადების ავტორები მოითხოვდნენ, ნოვრუზის დღესასწაულის გამო 21 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით გაუქმებულიყო გადაადგილების შეზღუდვა.

6 იანვარს, საქართველოში დროებით შეწყდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო ნოემბრის ბოლოდან დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედება და მოქალაქეებს ქვეითად და ავტომანქანით გადაადგილება საღამოს 9 საათის შემდეგაც შეეძლოთ.

აკრძალვის დროებით გაუქმების მიზეზი შობის დღესასწაული იყო, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს.

გადაადგილების აკრძალვა ძალაში დარჩა გასული წლის 25 დეკემბერსაც, ამიტომ კონფესიებმა, რომლებიც შობას ამ დღეს აღნიშნავენ, საზეიმო ღვთისმსახურება საღამოს 9 საათამდე ჩაატარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG