Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგი წულაიას ბრალი წარუდგინეს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით


საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პოლიტიკოს გოგი წულაიას. ბრალდება ითვალისწინებს ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პროკურატურა სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „2021 წლის 16 მარტს, გოგი წულაიამ, რომელსაც მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა ა.ს.-სთან, სთხოვა მას თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაჰყოლოდა და მოლაპარაკებაში დახმარებოდა. ა.დ. შეთავაზებას დათანხმდა და იმავე დღეს, გოგი წულაიასთან და ლ.ჟ.-სთან ერთად თბილისში ჩამოვიდნენ, სადაც ლ.ჟ.-მ გოგი წულაიას თხოვნით ბინა უქირავა მას, გასაღები გადასცა და თვითონ წავიდა. აღნიშნულის შემდეგ გოგი წულაიამ იმ მიზეზით, რომ შეხვედრა მომდევნო დღის დილის საათებში ჰქონდა დაგეგმილი და ვინაიდან ახლოვდებოდა ე.წ. „კომენდანტის საათი“, ა.დ.-ს შესთავაზა ღამით მის მიერ ნაქირავებ ბინაში დარჩენილიყო. რადგან ა.დ.-სთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ლ.ჟ.-ც უნდა დარჩენილიყო, გოგი წულაიას შეთავაზებას დათანხმდა. ნაქირავებ ბინაში გოგი წულაიამ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გოგი წულაიამ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. მას შემდეგ რაც ა.დ.-მ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, გოგი წულაიამ მასზე ძალადობა შეწყვიტა. გოგი წულაიას მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა.დ.-მ სხეულის სხვადასხვა არეში - ორივე ხელის, კისრის და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გოგი წულაია შემთხვევიდან მალევე დააკავეს.

პოლიტიკოსის მეგობრის, ლევან ჟღენტის თქმით, წულაიამ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. რადიო თავისუფლებასთან ჟღენტი ამბობს, რომ წულაია ქალთან ერთად თბილისში სამი დღით წავიდა და ქალს მან თავად მისცა ნაქირავები ბინის გასაღები. „იმ ქალმა იცოდა რომ უნდა დარჩენილიყო გოგისთან ერთად ბინაში. მე პირადად მივეცი იმ ქალბატონს ერთოთახიანი ბინის გასაღები. ჭადრაკის სათამაშოდ რომ არ მიდიოდა სამი დღით, ერთოთახიან ბინაში, ხომ იცოდა. მე არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ გამოვრიცხავ ძალადობას, გოგიმ სწორედ, მაგიტომ დაიწყო შიმშილობა, რომ დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა“, - თქვა მან. ლევან ჟღენტის თქმით, მას დაკავების შემდეგ არც წულაიასთან და არც დაზარალებულ ქალთან ურთიერთობა არ ჰქონია.

გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის ცნობით, წულაიას ალკოტესტი გუშინ ჩაუტარდა, რომლითაც დამტკიცდა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

თავდაპირველად საქმეზე გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის გიგა შუშანიას თქმით, წულაიას დაკავების ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა ოპოზიციონერის მიერ ცნობილ პერფორმანსს ბერა ივანიშვილის გინებასთან დაკავშირებით. გიგა შუშანია არ გამორიცხავს, რომ წულაია პროვოკაციის მსხვერპლია და ის ბიძინა ივანიშვილის შვილის გინებისთვის უბრალოდ დასაჯეს.

„გაგინებ, მოდი და გამისწორდი“, - ასე მიმართა გოგი წულაიამ 11 მარტს ბერა ივანიშვილს, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილის ინტერვიუს.

„TV პირველმა“ 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი "იმედთან" ინტერვიუში და თქვა: "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ "კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით", სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG