Accessibility links

site logo site logo

თამარ გაბუნია: ექსპერტთა ჯგუფი გადაწყვეტს, შეჩერდეს თუ არა ვაქცინაციის პროცესი


თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თანახმად, დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების ფორმატის თაობაზე. მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკევული პერიოდით მანამ, სანამ არ დადგინდება, რამ გამოიწვია 28 წლის ახალციხელი ექთნის აცრისშემდგომი გართულება.

"დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა გამოძიება, გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის თანახმად რეგლურების სააგენტომ დაიწყო შესწავლა იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის. მდგომარეობა პაციენტის ამ დროისთვის არის მძიმე, მას უტარდება მკურნალობა რეანიმაციურ განყოფილებაში, მიმდინარეობს მისი თბილისში ტრანსპორტირების პროცესი და შემდგომი მკურნალობა და მდგომარეობის მართვა გაგრძელდება თბილისში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ასტრაზენეკას ვაქცინას გვერდით რეაქციებში ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია უფიქსირდება.

"ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონიდან 41 იყო ანაფილაქსიის ტიპის გვერდითი მოვლენა, ამდენად ეს არის ერთ -ერთი ცნობილი რეაქცია და ამის გამო მოგეხსენებათ ვაქცინაცია არც ერთ ქვეყანას, ანაფილაქციის გამო არ შეუჩერებია, მაგრამ ჩვენ ექსპერტების დასკვნას დაველოდებით და შემდეგ მივიღებთ ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას", - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ.

დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდა 15 წუთში ექთანი ცუდად გახდა. წინასწარი ინფორმაციით, აცრამ ანაფილაქსიური შოკი გამოიწვია. 28 წლის ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება. იგი ახალციხიდან თბილისის კლინიკაში გადმოჰყავთ.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. 15 მარტიდან დაიწყო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა. 18 მარტის დილის მონაცემებით სულ აცრილია ჯანდაცვის სფეროს 3054 წარმომადგენელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG