Accessibility links

site logo site logo

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2"-ის საქმეზე დამატებითი საჩივარი შეაქვთ


ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი.

„რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ადვოკატ კახა კოჟორიძესთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ სამაუწუყებლო კომპანიის საქმესთან დაკავშირებით და სასამართლოში დამატებით საჩივარს შეიტანენ.

სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი.

როგორც დავით დვალმა რადიო თავისუფლებას უთხრა, მას შემდეგ დღემდე „რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს არც ერთი სხდომა არ გამართულა.

„ძირითადი სარჩელი ხო შევიტანეთ 2019 წლის ბოლოს და იმის შემდეგ ველოდებით და ხან პანდემიას იმიზეზებენ და ხან არ ვიცი რას. დღემდე ერთი სხდომა არ არის ჩანიშნული. რომ გადავხედოთ, პოლიტიკური ოპონენტების სხდომა ლამის ყოველდღე აქვთ და იმის პრობლემა არ არის. ჩვენი სხდომისთვის ვერ მოიცალეს ვერაფრით, რაც სრულად ეწინააღმდეგება იმას, როდესაც ქიბარ ხალვაშმა შეიტანა სარჩელი. სამ თვეში უკვე დასკვნაც იყო დადებული და გადაწყვეტილებაც გამოტანილი. რა თქმა უნდა, დეტალებზე, რას შეეხება ეს დამატებითი სარჩელი, პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ", - გვითხრა დვალმა.

სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებელმა დაამატა, რომ ეს დაკავშირებულია ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციასთან. „ასე ვთქვათ, რაღაც ჰოლდინგი იქმნება, „რუსთავი 2“ და „პრაიმტაიმი“ ერთობლივად აპირებენ მუშაობას. ძირითადი სალაპარაკო ეს იქნება. ჰოლდინგი არ არის არანაირი სამართლებრივი ცნება საქართველოში, შესაბამისად, რას გულისხმობენ, ეს კიდევ ცალკე გასარკვევია. ჩვენი მოთხოვნით, ყადაღა აქვს დადებული ამ წილებს და აქედან გამომდინარე, გასხვისება ვერ მოხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ დამატებითი ნაბიჯები აუცილებლად არის გადასადგმელი. პლუს შესახსენებელია, რომ ასე არ არის. აქ სამართლებრივი დავა მიმდინარეობს და იყიდე-გაყიდე არ გამოდის. კეთილსინდისიერ შეძენაზე ვერ იქნება ლაპარაკი", - ამბობს დავით დვალი.

17 მარტს ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2" და „პრაიმტაიმი ერთიანდებიან.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2019 წლის ზაფხულში კვლავ დაირეგისტრირა. მას შემდეგ, რაც 18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი, საქართველოში აღსრულდა ხალვაშის სასარგებლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება. 2019 წლის 30 ივლისს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს შესთავაზა 40%-იანი წილი, რომელზეც მათ უარი თქვეს.

დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის წილები იძულებით დაათმობინა. იმავე წელს ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, რომელიც ირწმუნება, რომ „რუსთავი 2“ იძულებით შეაძენინეს და 2006 წელსაც იძულებით დაათმობინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG