Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ისევ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს


კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მატების გამო, საფრანგეთის მთავრობა მკაცრ „ლოკდაუნს“ აბრუნებს პარიზსა და მის შემოგარენში. 20 მარტიდან ოთხი კვირის განმავლობაში, მკაცრი შეზღუდვების არეალში მოექცევა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილიც.

იმუშავებენ მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები და დიდი სუპერმარკეტები. ყველა დანარჩენი მაღაზია ისევ დაიხურება. ამასთან, მუშაობას არ შეწყვეტენ სასწავლო დაწესებულებები. აკრძალულია რეგიონებს შორის გადაადგილება. საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე ძალაში რჩება „კომენდანტის საათი“.

ბოლო დღეებში, საფრანგეთში ყოველ 24 საათში ფიქსირდება კორონავირუსის 35 ათასზე მეტი შემთხვევაა, რაც ნოემბრის პიკის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის განცხადებით, როგორც ჩანს, საფრანგეთის ზოგიერთ ოლქში ეპიდემიის მესამე ტალღა დაიწყო.

20 მარტიდან 9 აპრილამდე მკაცრი „ლოკდაუნი“ ცხადდება უკრაინის დედაქალაქ კიევშიც. იხურება სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, მუზეუმები და კინოთეატრები. უკვე დღეიდან, მკაცრი კარანტინი გამოცხადდა ლვოვის ოლქში. ბოლო დღეებში, უკრაინაში 13 ათასიდან 15 ათასამდე მერყეობს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი, რაც ნოემბრის პიკის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, გერმანიის რამდენიმე ფედერალური მიწის, მათ შორს ბავარიის ტერიტორიაზე გადაიდო შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც 22 მარტიდან უნდა დაწყებულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG