Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში ყოველწლიურად ანაფილაქსიური შოკის 50-დან 60 შემთხვევამდე აღირიცხება


ზოგადად ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი ქვეყანაში ყოველწლიურად 50-დან 60 შემთხვევამდე აღირიცხება, სხვადასხვა გამომწვევზე პასუხად. რაც შეეხება ვაქცინასთან დაკავშირებით, ვაქცინასთან დაკავშირებული ანაფილაქსიური რეაქცია ჩვენთან ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული არ ყოფილა, - განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ-ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან იმ სტატისტიკაზეც ისაუბრა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ანაფილაქსიური რეაქციას შეეხება:

„მილიონ მოსახლეზე მონაცემები, რომლებიც ფაიზერის ვაქცინაციის შემდეგ არის ცნობილი, ეს არის სადღაც 14 შემთხვევა, ცოტათი ნაკლებს, 11 შემთხვევას აჩვენებს კვლევები, რომლებიც ასტრაზენეკას ვაქცინას ეხება მილიონ ვაქცინირებულზე. ასე რომ ეს ინფორმაცია მოსალოდნელი გართულების შესახებ ყველა ქვეყანას აქვს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავის ჩამონათვალში გვერდითი მოვლენების, ანაფილაქსიური რეაქციის შესაძლებლობას აფიქსირებს. ასე რომ ის ფაქტი, რომ საქართველოში ჩვენ წლის ბოლოსათვის ვგეგმავთ 1 500 000, 1 700 000 ადამიანის ვაქცინირებას, ავტომატურად მიუთითებს, რომ ეს არის სამწუხაროდ პირველი, მაგრამ ესეთი შემთხვევები შესაძლებელია რომ განვითარდეს მოგვიანებითაც“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ 27 წლის ახალციხელი ექთნის სავარაუდო ანაფილაქსიური შოკის გამომწვევ მიზეზებს საუბრისას. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ პაციენტს დროული და ადეკვატური პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია:

„პირველი დახმარება პროტოკოლის შესაბამისად, ზუსტად ისე, როგორც უნდა გაკეთებულიყო, იყო აღმოჩენილი. ეს გულისხმობს ადრენალინის შეყვანას და ასე შემდეგ, რაც არის ანაფილაქსიის მართვის პროტოკოლით და ორი ადამიანი, გამოცდილი ექიმი და ექიმი, რომელიც რეანიმაციაში მუშაობს, იყო ჩართული ამ პაციენტის მართვაში. შესაბამისად პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, აღმოუჩინეს თუ არა მას დროული დახმარება. ამაზე პასუხი გვაქვს იყო. შეესაბამებოდა თუ არა ეს დახმარება ანაფილაქსიური შოკის მართვის კრიტერიუმებს, ამაზეც პასუხი გვაქვს, დიახ, შეესაბამებოდა. პირველი პასუხი ანაფილაქსიაზე პირველი მედიკამენტის შეყვანის შემდეგ შეიძლება იყოს დადებითი და სწრაფად მივიღოთ მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა არსებობს მცირე ჯგუფი პაციენტების, სადაც ადრენალინის შეყვანა არ პასუხობს ორგანიზმი ადრენალინს ადეკვატურად. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო ზუსტად ეს პაციენტი, რომელმაც არ უპასუხა ადეკვატურ ჩარევას შესაბამისად, ამიტომ გახდა აუცილებელი ამ პაციენტის ტრანსპორტირება საუნივერსიტეტო კლინიკაში“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „დილის საუბრებში“.

18 მარტს, ახალგაზრდა ექთანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი. ის ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

ახალციხის შემთხვევის გამო განიხილებოდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შეჩერების შესაძლებლობა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მარეგულირებელმა, "ევროპის წამლის სააგენტომ" დაადასტურა, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თბილისში, იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს ვაქცინაციის გაგრძელების გადაწყვეტილება.

საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო "ასტრაზენეკას" ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აცრა. ოთხი დღის განმავლობაში აცრილთა რიცხვი 3060-ზე ოდნავ მეტი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG