Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: ვაქცინაციისას კიდევ ერთი რთული რეაქცია დაფიქსირდა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისას კიდევ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა რთული რეაქცია, თუმცა მისი კუპირება დროულად მოხდა. თამარ გაბუნიას თქმით, ეს შემთხვევა ანაფილაქსიური შოკის მსგავსი იყო, თუმცა შოკის სახით არ გამოვლენილა.

ფაქტი, თავის მხრივ, დაადასტურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, რეაქცია გამოუვლინდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც კლინიკაშია განთავსებული, თუმცა ამ დროისათვის თავს უკვე კარგად გრძნობს. ამირან გამყრელიძის თანახმად, დაბეჯითებით ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, ჰქონდა თუ არა მას ანაფილაქსიური შოკი:

„კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ იმ მონაცემებით ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედების კომიტეტმა, იყო თუ არა იქ ანაფილაქსია. იქ იყო, გიდასტურებთ, მწვავე ალერგიული რეაქცია, თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დასადასტურებელია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს შუადღისთვის გული მეორედ გაუჩერდა.

18 მარტს, მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციასა და სიკვდილს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად, ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტო.ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო "ასტრაზენეკას" ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აცრა. 19 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა ჯანდაცვის სექტორის 3642-მა წარმომადგენელმა. ასაცრელად დარეგისტრირებულია 5158.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG