Accessibility links

site logo site logo

„მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს" - ზურაბიშვილი ეხმაურება ექთნის გარდაცვალებას


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება 28 წლის ახალციხელი ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას.

„მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა წუხილი და სამძიმარი გამოვუცხადო მეგი ბაქრაძის ოჯახს. ვიზიარებ ამ უსამართლო და უდროო გარდაცვალებისგან გამოწვეულ დიდ მწუხარებას. ძალიან უსამართლოა, როცა სიკვდილი გვართმევს ახალგაზრდა ქალს, ექთანს, რომელიც მედგრად აწარმოებდა შეუპოვარ ბრძოლას პანდემიასთან, გვართმევს სწორედ იმ დროს, როცა ვაქცინასთან ერთად ახალი იმედი გაჩნდა. მან კარგად იცოდა, რომ ვაქცინის გარეშე, ჩვენთან არსებულ 3 683 მსხვერპლს, პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე, კიდევ ბევრი დაემატებოდა.

მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა და ეს სიტყვებიც დაგვიტოვა: „ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი და გადავრჩეთ“. თვითონ გადაწყვიტა მაგალითის მიცემა, წინა ხაზზე გამოსვლა და ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება. მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ", - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუკზე" და ასევე აღნიშნავს საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალებას - „ამ სამძიმარში მინდა გავაერთიანო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის მხარეს გარდაცვლილი, ბატონი დათა ვანიშვილი. ისიც იყო ჩვენთვის, ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი. ის თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს.

გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. გვაჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს".

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს შუადღისთვის გული მეორედ გაუჩერდა.

18 მარტს, მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციასა და სიკვდილს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად, ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტო. ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო "ასტრაზენეკას" ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აცრა. 19 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა ჯანდაცვის სექტორის 3642-მა წარმომადგენელმა. ასაცრელად დარეგისტრირებულია 5158.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა, 88 წლის დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. ბოლო დროს ის ავადმყოფობდა და ძირითადად ლოგინში იწვა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მისმა რძალმა, თათია ადიკაშვილმა მიაწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG