Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ უდუმაშვილი: დიალოგის გაგრძელებას აზრი არ აქვს, თუ ხელისუფლება ძველ პოზიციებზე რჩება


ზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, შესაძლოა დიალოგი გაგრძელდეს თუნდაც ოპოზიციის საპროტესტო აქციების ფონზე, თუმცა, თუ თავიანთ პოზიციებზე რჩებიან და შეთანხმების პროექტის არცერთი ნაწილი მათთვის მისაღები არ არის, დიალოგის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ოპოზიციის კონსულტაციების დასრულების შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია დასავლელი პარტნიორების რეაქციას დაელოდება.

„"ქართულმა ოცნებამ" გუშინ ზურგი შეაქცია არა მხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ ზურგი შეაქცია ევროპას და მთელ დასავლეთს. ეს იყო მათი პასუხი იმ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა ერთი კვირის განმავლობაში თბილისში და, შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" ღიად განაცხადა, რომ ის კარს უხურავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მთლიანად დასავლეთს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკებების გამო თავს იკავებდა საპროტესტო აქციებისგან, თუმცა 20 მარტიდან მოქმედების სულ სხვა რეჟიმზე გადადის.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 18 მარტს უშედეგოდ დასრულდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება. როგორც შუამავალმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა თქვა, საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევას ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, თბილისი დღეს, 19 მარტს, დილით დატოვა.

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან აგრძელებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს.

ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციის კონსულტაციებზე გადაწყდა, რომ 20 მარტს თბილისში პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება. სამომავლო სამოქმედო გეგმას მხარდამჭერებს ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე გააცნობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG