Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს


გარდაცვლილი 28 წლის ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში. „ჩვენი ფიქრითა და ლოცვით ვრჩებით სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და მათი ოჯახების გვერდით, ისინი მართლაც გლობალური ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.

მადლიერნი ვართ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, ამ პანდემიის ყოველ ახალ ეტაპზე", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს შუადღისთვის გული მეორედ გაუჩერდა.

18 მარტს, მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციასა და სიკვდილს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად, ფაქტს სწავლობს რეგულირების სააგენტო. ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო "ასტრაზენეკას" ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აცრა. 19 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა ჯანდაცვის სექტორის 3642-მა წარმომადგენელმა. ასაცრელად დარეგისტრირებულია 5158.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG